1746007492
„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა

აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, როდესაც უკრაინის ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აშშ-ში მიფრინავდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ის „მზად უნდა იყოს ყველა შეთანხმების ხელმოსაწერად ან სახლში დასაბრუნებლად“.
როგორც გამოცემას უკრაინის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს სურს როგორც ჩარჩოშეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს, შეთანხმების შესახებ ერთდროული ხელმოწერა.
უკრაინულმა მხარემ კი გამოცემას განუმარტა, რომ აშშ-ის ინფორმაცია არაზუსტია და კიევს არ შეუძლია ორივე დოკუმენტის ხელმოწერა ოთხშაბათს, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე უნდა იყოს რატიფიცირებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რომელიც საჭიროა აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობის დასამყარებლად, დაწყებული ჩარჩოშეთანხმებით.
დენის შმიგალმა ასევე დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს და რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ამასთან დაკავშირებით უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.