ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია

ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

„ამ ომში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვებულია - რუსეთი“, - განაცხადა კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების წინაშე გამოსვლისას.

„ენერგორესურსებზე ფასების ზრდასთან ერთად, ის [რუსეთი] უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად ახალ რესურსებს იძენს. ის სარგებლობს იმ სამხედრო შესაძლებლობების სხვა მიმართულებით გადამისამართებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა უკრაინის დასახმარებლად ყოფილიყო გაგზავნილი. ასევე, ის სარგებელს იღებს უკრაინის ფრონტისადმი ყურადღების შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ყურადღების ცენტრში ექცევა“, - აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.

კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც, მისი თქმით, ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოწვევის წინაშე დგას. მან ასევე მოუწოდა ახლო აღმოსავლეთის ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

„თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიღწევა ბომბების საშუალებით შეუძლებელია. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდგომი ესკალაცია. ასეთი გზა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ რეგიონებს“, - დასძინა მან.