ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ავრცელებს. რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან ედიტე ესტრელა სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფიდან და საბინა ჩუდიჩი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს.
რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, საქართველოში სწრაფი უკუსვლა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
როგორც რეზოლუციის პროექტის ტექსტშია აღნიშნული, PACE გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას, უსაფუძვლო თავდასხმებსა და ბრალდებებს საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ. რეზოლუციის პროექტის ტექსტში ასევე დაგმობილია მზია ამაღლობელისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება, რომლებიც ასამბლეის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები.
„ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით დევნას. ამ მხრივ ვგმობთ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეთხზული ბრალდებებით, პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას. ასეთი დევნა მიზნად ისახავს, განსხვავებული აზრის ჩახშობას და ის დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია“ – აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში.
ამასთან, რეზოლუციის დოკუმენტში საქართველოში, 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითაც არის საუბარი.
„ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებელი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა. ეს აშკარაა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებიდან, მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ამ არჩევნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების კუთხით კარგი რეპუტაცია აქვთ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის გამო, არჩევნებს არ დააკვირდებიან. ასამბლეა გმობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მიიწვია. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისადმი ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევა დაგვიანებით განზრახ გაიგზავნა, რამაც მათი (OSCE/ODIHR) დაკვირვება შეუძლებელი გახადა,“ – ვკითხულობთ PACE-ს რეზოლუციის პროექტში.
ცნობისთვის, ევროსაბჭოში საქართველოს საკითხზე დებატები ხვალ გაიმართება.