„ევრონიუსი“ - ევროპარლამენტმა ფრანგი ულტრამემარჯვენე სტუდენტისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებაზე უარი თქვა

ევროპარლამენტ

ევროპარლამენტმა უარი თქვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპის პატრიოტების“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პოლიტიკური ჯგუფი ითხოვდა, რომ მოხდეს წუთიერი დუმილით პატივის მიგება საფრანგეთში მოკლული ულტრამემარჯვენე სტუდენტისთვის.

„ევრონიუსის“ წყაროების ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის სესია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მიმდინარე ომზე.

ცნობისთვის, 23 წლის ფრანგი ულტრამემარჯვენე სტუდენტი კვენტინ დერანი თებერვლის დასაწყისში ლიონში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე სტუდენტების შეტაკების დროს სცემეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ლიონში იმართებოდა ღონისძიება, რომელშიც ულტრამემარცხენე პარტიის „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წევრი, ევროპარლამენტარი რიმა ჰასანი მონაწილეობდა.

სტუდენტის გარდაცვალებას საფრანგეთში მწვავე პოლიტიკური დებატები მოჰყვა. ფრანგმა ულტრამემარჯვენეებმა მომხდარზე მორალური პასუხისმგებლობა ულტრამემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთს“ დააკისრეს, რადგან, მათი თქმით, ეს პოლიტიკური გაერთაინება დაკავშირებულია ანტიფაშისტურ ჯგუფთან „ახალგაზრდა მცველებთან“.  ჯგუფი ძალადობრივი აქტივობებში მონაწილეობისთვის 2025 წელს აკრძალეს.

გამოძიების ცნობით, ფრანგი სტუდენტის მკვლელობაში ბრალი შვიდ პირს ედება, მათ შორისაა ულტრამემარცხენე პარტიის „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დეპუტატის, რაფაელ არნოს ასისტენტი.

გასულ უქმეებზე ლიონში მოკლული სტუდენტის პატივსაცემად მსვლელობა გაიმართა, რომელშიც 3 000 ადამიანი მონაწილეობდა.

კვენტინ დერანის მკველობამ ასევე გამოიწვია დიპლომატიური დაძაბულობა. კერძოდ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უწყებაში დაიბარა საფრანგეთში აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კუშნერმა სოციალურ ქსელში გააზიარა აშშ-ის კონტრტერორიზმის ბიუროს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საფრანგეთში „მემარცხენე ძალადობრივი რადიკალიზმი იზრდება“.

საპასუხოდ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პარიზი ეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას, რომ ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.