1746822051
ევროკავშირს მოვთხოვ, სირიისთვის დაწესებული სანქციები არ გაახანგრძლივოს, ვფიქრობ, ამერიკელების ინტერესებშიც არის, ამაზე დაფიქრდნენ, რათა ჩვენთან ერთად ხელი შეუწყონ სანქციების მოხსნას - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირს მოსთხოვს, არ გაახანგრძლივოს სირიისთვის დაწესებული სანქციები. ამის შესახებ მაკრონმა სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სირია გააგრძელებს ახლანდელი მიმართულებით წინსვლას, ის ევროკავშირს სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს და ეცდება, დაარწმუნოს აშშ იმავე ნაბიჯის გადადგმაში.
„ევროკავშირს მოვთხოვ, არ გაახანგრძლივოს სირიისთვის დაწესებული სანქციები. ვფიქრობ, ყველას, მათ შორის ამერიკელების ინტერესებშიც არის, დაფიქრდნენ ან, უფრო მეტიც, იმოქმედონ, რათა ჩვენთან ერთად ხელი შეუწყონ სირიელი ხალხის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რათა დაბრუნება უფრო სწრაფად მოხდეს, აღდგეს და უფრო სწრაფად მიიღონ ლტოლვილები სახლში, გადადონ ამერიკული ძალების გამოყვანა რაც შეიძლება დიდი ხნით, რადგან უსაფრთხოების საკითხი კვლავ არსებობს“, – აღნიშნა მაკრონმა.
თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სანქციები წინა რეჟიმის დროს დაწესდა და ახლა დროა, მოიხსნას.
„ეს სანქციები დაწესდა წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. ეს რეჟიმი დაეცა და ამასთან ერთად, ეს სანქციები უნდა მოიხსნას. არაფერი ამართლებს სანქციების შენარჩუნებას, რადგან ეს იქნება სანქციები ხალხის და არა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ჩაიდინა ხოცვა-ჟლეტა ხალხის წინააღმდეგ. მჯერა, ბატონ მაკრონს ეს საკითხს ესმის“, – განაცხადა ალ-შარაამ.
სირიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მაკრონთან შეხვედრისას განიხილა საფრანგეთის წვლილი სირიის რეკონსტრუქციაში.
„ჩვენ გვესმის, რომ გამოწვევები უზარმაზარია. რეკონსტრუქცია არ არის მხოლოდ ბიუჯეტის საკითხი. საქმე ეხება ნდობის აღდგენას, ღრმა ფსიქოლოგიური ეფექტების წინააღმდეგ ბრძოლას და იმის უზრუნველყოფას, რომ სირიელებს აღარასოდეს მართავდეს შიში ან სიჩუმე“, – აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ალ-შარაამ ასევე ისაუბრა ისრაელთან არსებული დაძაბულობის საკითხზეც. მისი თქმით, უკვე ჰქონდათ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელთან ამ დაძაბულობის შესამცირებლად.