ესპანეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დაბალანსებულ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე საერთო ინტერესების სფეროებში - პედრო სანჩესი

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის უფრო დაბალანსებულ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოლაპარაკებებზე და თანამშრომლობაზე საერთო ინტერესების სფეროებში.

ამის შესახებ პედრო სანჩესმა პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წერს „როიტერი“.

როგორც „როიტერი“ წერს, პედრო სანჩესის ჩინეთში ვიზიტის მიზანია აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გლობალური შედეგების ფონზე, პეკინთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარება.

ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასაწყისში, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთი ჩინეთს განიხილავს, როგორც ევროკავშირის პარტნიორს.

„ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საერთო ინტერესების საკითხებზე, ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის და გვსურს, ხელი შევუწყოთ ჩვენს საზოგადოებებს შორის უფრო მჭიდრო კავშირებს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა სი ძინპინთან შეხვედრაზე.

ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო სმაი წლის განმავლობაში ეს პედრო სანჩესის ქვეყანაში მესამე ვიზიტია. სი ძინპინის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ამჟამინდელ გლობალურ კონტექსტში ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

სი ძინპინმა მოუწოდა ჩინეთსა და ევროკავშირს ერთობლივად „დაუპირისპირდნენ ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკას“.

„სატარიფო ომში გამარჯვებულები არ არიან. მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ იზოლაციას გამოიწვევს“, – განაცხადა სი ძინპინმა.