„ეს ტყუილია. არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასეთ რაღაცებს“ - რუბიომ უარყო ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კატეგორიულად უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რუბიომ ზელენსკის სიტყვებს „სიცრუე“ უწოდა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის ლიდერი მსგავს განცხადებებს აკეთებს.

„ეს ტყუილია. მე ვნახე, როგორ თქვა მან ეს და სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს სიმართლე არ არის. ვაშინგტონს უკრაინისთვის ჯარების გაყვანის პირობა არ დაუყენებია“, - განაცხადა რუბიომ.

სახელმწიფო მდივნის განმარტებით, კიევისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულიად სხვა კონტექსტს ატარებდა. მისი თქმით, საუბარი იყო არა ტერიტორიულ დათმობებზე, არამედ გარანტიების ამოქმედების ვადებზე.

უსაფრთხოების გარანტიები ძალაში მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შევა. რუბიო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საკითხი არ ყოფილა მიბმული ტერიტორიების დათმობაზე.

„არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასეთ რაღაცებს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“, - დასძინა მან.