ექიმებმა ქალს საშვილოსნოდან 10 კილოგრამიანი კისტა ამოუღეს და მოულოდნელად სრულად განვითარებული ნაყოფი აღმოაჩინეს - დედამ ორსულობის შესახებ არ იცოდა

ოპერაცია

აშშ-ში ექიმებმა დაგეგმილი ოპერაციის დროს პაციენტის მუცლის ღრუში ბავშვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ HuffPost იუწყება.

41 წლის მედდა სიუზ ლოპესი საავადმყოფოში დიდი ზომის, 10 კილოგრამიანი  საკვერცხის კისტის მოსაშორებლად მივიდა. თუმცა ოპერაციის დროს ექიმებმა მუცლის ღრუში სრულად განვითარებული ჩვილი აღმოაჩინეს. ბიჭი, რომელსაც სახელად რიუ დაარქვეს, საშვილოსნოს გარეთ ვითარდებოდა. ულტრაბგერითი კვლევის დროს ექიმებმა იგი ვერ შენიშნეს, რადგან მას კალათბურთის ბურთის ზომის კისტა ფარავდა.

„ეს ნამდვილად წარმოუდგენელია“, - განაცხადა ჯონ ოზიმეკმა, ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრის Cedars-Sinai-ს მეანობის განყოფილების ხელმძღვანელმა. მისი განმარტებით, დაახლოებით 30 ათასი ორსულობიდან მხოლოდ ერთი არის ექტოპიური (საშვილოსნოსგარე), ხოლო შემთხვევები, როდესაც ქალი ასეთ პირობებში ბავშვს ცხრა თვის განმავლობაში ატარებს, უკიდურესად იშვიათია. ქალს ორსულობაზე ეჭვი არ ჰქონდა, რადგან არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, ხოლო მუცლის გადიდებას კისტას აბრალებდა.

ქირურგების გუნდმა ურთულესი ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ერთდროულად ამოიღეს კისტა და ჯანმრთელი ჩვილი, ის 3,6 კილოგრამს იწონიდა. ჩარევისას პაციენტმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, თუმცა ექიმებმა სისხლდენის შეჩერება და გადასხმა შეძლეს. დედაც და ბავშვიც სრულად ჯანმრთელები არიან. თავად სიუზი შვილს ცხოვრების საუკეთესო საჩუქარსა და ნამდვილ სასწაულს უწოდებს.