„ენბისი“ - ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის დარტყმებამდე თეირანი ვაშინგტონს დაემუქრა, რომ გააცოცხლებს აშშ-ში არსებულ მიძინებულ ტერორისტულ ქსელებს

აშშ ირანი

ტელეკომპანია „ენბისის“ ცნობით, აშშ-ის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებამდე თეირანი ვაშინგტონს დაემუქრა, რომ გააცოცხლებს აშშ-ში არსებულ მიძინებულ ტერორისტულ ქსელებს.

ამის შესახებ „ენბისი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც ტელეკომპანია იტყობინება, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა დონალდ ტრამპს გაუგზავნა კომუნიკე და დაჰპირდა, რომ გააქტიურებდა აშშ-ის ტერიტორიაზე არსებულ მიძინებულ ტერორისტულ ჯგუფებს.

„ენბისის“ ცნობით, ეს შეტყობინება დონალდ ტრამპმა შუამავლის მეშვეობით კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიიღო. აღნიშნულ კომუნიკეში ასევე ნათქვამი იყო, რომ ირანს შეუძლია აშშ-ის ქსელებზე კიბერთავდასხმების მოწყობა და მიზანში ამოიღოს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრები, რომელთაც თეირანი 2020 წელს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის, ყასიმ სულეიმანის მკვლელობაში ადანაშაულებს.

თეთრ სახლს ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.