ემანუელ მაკრონი: ზავის ფარგლებში უკრაინას შეუძლია, აღიაროს ტერიტორიების დაკარგვა, ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას

ემანუელ მაკრონი

ზავის ფარგლებში უკრაინას შეუძლია, აღიაროს ტერიტორიების დაკარგვა, ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც ის სხვა ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად დონალდ ტრამპს შეხვდება.

„ქვეყანას აბსოლუტურად შეუძლია, ზავის, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოს ფარგლებში აღიაროს ტერიტორიები, რომლებიც დაკარგა, ტერიტორიები რომლებიც გაყინულია. ეს არ არის აღიარება, რომ მათზე სხვისი სუვერენიტეტი ვრცელდება, მაგრამ ეს არის აღიარება, რომ მან დაკარგა ეს ტერიტორიები სამხედრო თვალსაზრისით. ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული დათმობაა. და როგორც უკვე გითხარით ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. თუმცა, სამწელიწადნახევრიანი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ამდენი ადამიანური მსხვერპლის გათვალისწინებით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, მიიღოს ტერიტორიების დაკარგვა, თუნდაც ეს დე ფაქტო იყოს, თუ მას არ ექნება გარანტიები, რომ ის დაცული იქნება დარჩენილ ტერიტორიებზე“, – ემანუელ მაკრონი.