ემანუელ მაკრონი: ტრამპის განცხადება პასუხსაც კი არ იმსახურებს

ემანუელ მაკრონი

ტრამპის განცხადება პასუხსაც კი არ იმსახურებს, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც თქვა, რომ მაკრონს ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან სრულად გონს არ მოსულა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ლიდერის სიტყვები „არც ელეგანტური იყო და არც ღირსეული“.

„არ ვაპირებ ამაზე პასუხის გაცემას, ეს პასუხსაც არ იმსახურებს. მათ შეუძლიათ, უკმაყოფილება გამოთქვან, რომ არ ეხმარებიან იმ ოპერაციაში, რომელიც დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, ეს ჩვენი ოპერაცია არ არის“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჰორმუზის სრუტის „გასათავისუფლებლად“ სამხედრო ოპერაცია „არარეალისტური“ იქნება.

მაკრონი მიიჩნევს, რომ ომი არ იძლევა ირანის ბირთვული საკითხის „მდგრადი გადაწყვეტის“ საშუალებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან სრულად გონს არ მოსულა, ვუთხარი, სპარსეთის ყურეში გვინდა დახმარება, მიპასუხა, ეს ომის შემდეგ შეგვიძლიაო“.