ძვირფასო დონალდ ტუსკ, მე ვესაუბრე პუტინს ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების შესახებ, თქვენ რა გააკეთეთ მშვიდობისთვის? - ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებას პასუხობს.

როგორც ორბანი აღნიშნავს, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მართლაც ესაუბრა და მასთან ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების საკითხები განიხილა.

„ძვირფასო დონალდ ტუსკ, ეს სიმართლეა. მე ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების შესახებ. თქვენ რა გააკეთეთ მშვიდობისთვის?“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

მანამდე, როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, ორბანმა პუტინს განუცხადა, რომ ყველა საკითხში მის განკარგულებაშია.

„ორბანმა პუტინს განუცხადა, რომ ყველა საკითხში მის სამსახურშია. კაროლ ნავროცკი, იაროსლავ კაჩინსკი, თქვენც უჭერთ ამაში ორბანს მხარს?“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.