ძალიან სამწუხაროა იმ გმირების ოჯახებთან შეხვედრა, რომლებიც ირანიდან სახლში სხვაგვარად ბრუნდებიან, ვიდრე ფიქრობდნენ, ჩვენ ამას მინიმუმამდე დავიყვანთ - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ირანში ძალიან კარგად ვმუშაობთ, ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამით აშშ-მა მსოფლიოს კეთილი საქმე გაუკეთა.

„საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. უზარმაზარი პროგრესი იყო მიღწეული. ჩემი პირველი ვადის დროს, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ავაშენე სამხედრო ძალები, აღვადგინე და ძალიან ძლიერი გავხადე. შესანიშნავი პირველი ვადა გვქონდა. ახლა, სამწუხაროდ, მას ვიყენებთ, იძულებულნი ვართ, გამოვიყენოთ, მაგრამ ხედავთ, რამდენად შესანიშნავია. დედამიწაზე ასეთი სამხედრო ძალები არ არსებობს, ახლოსაც კი არ არიან. ირანში ძალიან კარგად ვმუშაობთ. ხედავთ შედეგს და ეს საოცარია. სამ დღეში 42 საზღვაო ხომალდი გავანადგურეთ, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან დიდი იყო. ეს იყო საზღვაო ძალების დასასრული. ჩვენ გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები. გავთიშეთ მათი კომუნიკაციები. არ ვიცი, როგორ ურთიერთობენ. ისინი ცუდი ხალხია. ისინი უბრალოდ ძალიან ცუდი ხალხია. შეხედეთ იმ მკვლელობებს, რაც მათ წლების განმავლობაში ჩაიდინეს. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვულ იარაღთან. იცით, ისინი გამოიყენებდნენ მას, ამიტომ ჩვენ მსოფლიოს კეთილი საქმე გავუკეთეთ. ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა. ძალიან სამწუხაროა ირანიდან სახლში დაბრუნებული გმირების ოჯახებთან შეხვედრა, რომლებიც სახლში სხვაგვარად ბრუნდებიან, ვიდრე ფიქრობდნენ. მაგრამ ისინი ჩვენს ქვეყანაში დიდი გმირები არიან. საქმე როდესაც ომს ეხება, ეს ყოველთვის ხდება, მაგრამ ჩვენ ამას მინიმუმამდე დავიყვანთ“, – განაცხადა დონალდ ტრაპმა.