2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
რუსეთი უკრაინას თუ კვლავ თავს დაესხმება, აშშ სამხედრო გზით უპასუხებს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს პირველად, სრულიად ნათელი გახდა, რომ ამერიკელები, ევროპელები და უკრაინა ერთ მხარეს არიან.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან მესმის. სტივ უიტკოფმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ამერიკა ვალდებულია, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მიაწოდოს ისე, რუსებს ეჭვი არ შეეპაროთ, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკის სამხედრო პასუხზე. ასე რომ, გარკვეულწილად, ეს მე-5 მუხლს ჰგავს, მაგრამ მე პირდაპირ მე-5 მუხლს არ მივმართავდი, რადგან ეს მხოლოდ გაართულებდა შემდგომ მოლაპარაკებებს. თუმცა, დღეს მოსმენილი დეკლარაცია ნამდვილად შორსმიმავალი იყო“ ,- განაცხადა ტუსკმა.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, რუსეთის დარწმუნების ერთადერთი რეალური შანსი ომის დასასრულებლად ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, მთელი დასავლეთის გაერთიანებაა.
„მნიშვნელოვანია, ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად, ისე ვიმოქმედოთ, როგორც მოკავშირეებმა, რათა რუსებმა და პუტინმა დაინახონ, რომ ამ სამ მხარეს შორის განხეთქილება შეუძლებელია“, – აღნიშნა ტუსკმა.
მისივე თქმით, ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ ევროპელებთან ერთად შეუძლიათ უკრაინისთვის სერიოზული უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყენების საშუალებას მისცემს, ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.
„ამჟამად ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება, რომელიც რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის საშუალებას იძლევა. თუმცა, ამ თანხების უკრაინის რეკონსტრუქციისთვის პოტენციური გამოყენება, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ ძალიან შორსაა“, – განაცხადა ტუსკმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰგავს თუ არა შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის პოზიციას, ტუსკმა აღნიშნა, რომ „მოსაზრებებში განსხვავება ძალიან აშკარაა“.
„ამერიკელები ამბობენ: „დაანებეთ თავი ამ რუსულ აქტივებს“, რადგან ძნელია პუტინთან დაჯდომა და თქმა: „მოდით, კომპრომისი ვიპოვოთ, მაგრამ თქვენს ფულს ავიღებთ“. ეს არის ამერიკელების არგუმენტი: იყავით ძალიან ფრთხილად და ნუ მიიყვანთ საქმეს კოლაფსამდე“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის შობამდე ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას, ტუსკმა უპასუხა, რომ რუსები, ალბათ, ამ ეტაპზე დიდად არ არიან დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით ან ცეცხლის შეწყვეტით.