დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კრემლის მიერ არის ორგანიზებული

დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება კრემლის მიერ არის ორგანიზებული. როგორც „ევროაქტივი“ წერს, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლონეთის პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენმა მარკ ფალენტამ განაცხდა, რომ დონალდ ტუსკმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც მისი კომპანიის ინსპექცია მოითხოვა. ფალენტას კომპანია რუსეთიდან პოლონეთში ქვანახშირის იმპორტში იყო ჩართული.

თავად ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთის მმართველი პარტია მას „რუსულ ქვანახშირთან ბრძოლის გამო დევნის“.

„ეს სცენარი კირილიცათია დაწერილი“, – წერს დოლალდ ტუსკი „ტვიტერში“ და ამტკიცებს, რომ პოლონელ ბიზნესმენ ფალენტას, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს კრემლთან.

„ევროატქივის“ ცნობით, მარკ ფალენტა იყო გარეული წამყვანი პოლონელი პოლიტიკოსების უკანონო მიყურადების სკანდალში, რამაც 2015 წელს დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ მმართველობის დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიჩნევს, რომ ფალენტა პოლონეთის მოქმედ მმართველ პარტიასთანაა შეკრული.

პოლონეთის პროკურატურამ ტუსკის წინააღდმეგ გამოძიების დაწყების შესახებ 24 აპრილს განაცხადა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ევროპული საბჭოს ყოფილ პრეზიდენტს, შესაძლოა, 10-წლიანი პატიმრობა დაემუქროს.

„ევროაქტივი“ წერს, რომ ამ გამოძიებამ, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს წელს პოლონეთში დაგეგმილ არჩევნებზეც.