დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კევინ უორში წარადგინა

კევინ უორში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღნიშნული სისტემის ყოფილი გუბერნატორი კევინ უორში წარადგინა.

„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ვასახელებ კევინ უორშს ფედერალური სარეზერვო სისტემის გუბერნატორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, კევინ უორშს დიდი ხანია, იცნობს და დარწმუნებულია, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარე იქნება.

ამასთან, კევინ უორშის განცხადებით, ტრამპი მართალია, როდესაც ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირებისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

კევინ უორში იურისტია. ის ამერიკის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი 2006 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში იყო და ახლა სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელია ეკონომიკის დარგში.

ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, პაუელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების ფორმალურ მიზეზად ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის ეროვნული ბანკის შტაბ-ბინის რეკონსტრუქცია დასახელდა, რაც 2.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს ამ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და აღნიშნულ საკითხზე ანგარიშის წარდგენისას კონგრესის წევრების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ. ჯერომ პაუელს თანამდებობაზე ყოფნის ვადა მაისში ეწურება.