სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და მის მკვლელს „რადიკალიზებული, ცივსისხლიანი მონსტრი“ უწოდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, კირკი მოკლეს იმის გამო, რომ ის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობდა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩარლი კირკს რთულ და სახიფათო პირობებში უწევდა მუშაობდა.
„ჩარლი რაც უფრო წარმატებული ხდებოდა, მით უფრო საშიში ხდებოდა მისი მისია ქვეყნის ყველა უნივერსიტეტის კამპუსში. იყო მუქარები, ხანძრის სიგნალიზაციის ჩართვები და უამრავი გაბრაზებული რადიკალი, ვინც ცდილობდა მის ჩაჩუმებას. ერთ ღონისძიებაზე პოლიციას ბარიკადების აშენება მოუწია, რათა სტუდენტები გაბრაზებული ხალხისგან დაეცვათ. ამ ადამიანების უმრავლესობას, სხვათა შორის, ბევრი ფული გადაუხადეს ამისთვის. ისინი აგიტატორები არიან, დაქირავებული აგიტატორები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩარლი კირკის მიერ საკუთარი ორგანიზაციის დაარსების ფაქტი გაიხსენა.
„2012 წელს, სკოლის დამთავრებიდან ორი დღის შემდეგ და ჯიბეში მხოლოდ 1 800 დოლარით, ახალგაზრდამ კაცმა ილინოისიდან დააარსა ორგანიზაცია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჩარლი კირკზე საუბრისას.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩარლი კირკმა დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდებში კონსერვატიული შეხედულებების პოპულარიზაციის კუთხით.
„2024 წელს ჩვენ მოვიპოვეთ იმაზე მეტი ახალგაზრდა, ვიდრე ნებისმიერმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, პირველად მოვიპოვეთ 30 წლამდე მამაკაცების უმრავლესობა“, – განაცხადა დონლად ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კირკს ერთ საკითხში არ ეთანხმებოდა.
„იგი იყო კეთილშობილი სულის პატრონი და დიდი მიზნის მქონე. მას არ სძულდა თავისი მოწინააღმდეგეები. მას მათთვის საუკეთესო უნდოდა. სწორედ ამ საკითხში არ ვეთანხმებოდი ჩარლის. მე მძულს ჩემი მოწინააღმდეგეები და არ მინდა მათთვის საუკეთესო“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, ის 22 სექტემბერს ოვალური კაბინეტიდან აუტიზმის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს.
„ხვალ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ განცხადებას გავაკეთებთ. ვფიქრობ, აუტიზმზე პასუხი ვიპოვეთ. ხვალ ჩვენ ოვალურ ოფისში, თეთრ სახლში ვისაუბრებთ აუტიზმზე – რომ ეს აღარ მოხდეს და როგორ გავაუმჯობესოთ სიტუაცია ნაწილობრივ, როდესაც ის გაქვს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩარლი კირკის ხსოვნის ღონისძიებაზე ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს რადიკალურ მემარცხენე ქსელებს, რომლებიც პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ. ამასთან, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ის პირები, რომლებიც კირკის მკვლელობაზე პოზიტიურად რეაგირებდნენ. დონალდ ტრამპმა ისაუბრა ტელეწამყვან ჯიმი კიმელზეც.
„კომენტატორები, რომლებიც ახლა ფაშიზმზე ყვირიან გაუქმებული ღამის შოუს გამო, რომლის წამყვანს არანაირი ნიჭი არ აქვს და არანაირი რეიტინგი, გასულ კვირას ისე იქცეოდნენ, თითქოს ჩარლი კირკი იმსახურებდა რაც დაემართა“, – აღნიშნა ტრამპმა.