დოჰაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ კატარს ინფორმაცია მიაწოდეს, კატარში კი უარყოფენ, რომ დარტყმის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული - თეთრი სახლი

აშშ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დოჰაში ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა და ამის შესახებ კატარს ინფორმაცია მიეწოდა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „ჰამასის“ განადგურება „ღირსეული მიზანია“.

მისივე თქმით, კატარი ამერიკის „ახლო მოკავშირეა“ და ტრამპი „ძალიან ცუდად გრძნობს თავს“ თავდასხმის ადგილმდებარეობის გამო.

„აშშ-ის პრეზიდენტმა დაავალა მის სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს კატარელებისთვის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც მან გააკეთა. პრეზიდენტი კატარს შეერთებული შტატების ძლიერ მოკავშირედ და მეგობრად მიიჩნევს და ძალიან ცუდად გრძნობს თავს ამ თავდასხმის ადგილმდებარეობის გამო“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კატარში უარყოფენ, რომ ისრაელის მიერ დოჰაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები.

ამასთან, როგროც ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი როგორც ნეთანიაჰუს, ასევე კატარის ემირს ესაუბრა.

„თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ტრამპს უთხრა, რომ მას სურს მშვიდობის დამყარება სწრაფად. პრეზიდენტი ასევე ესაუბრა კატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრს, მადლობა გადაუხადა მათ ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. დონალდ ტრამპმა დაარწმუნა ისინი, რომ მსგავსი რამ მათ ტერიტორიაზე აღარ განმეორდება“, – განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.