დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რამდენიმე კომპანიას, რომელთა შორისაც სამი საქართველოშია რეგისტრირებული

დიდი ბრიტანეთი

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი მკაცრი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„არსებული სანქციების კრიტიკის გამო კრემლი სულ უფრო ხშირად მიმართავს ბნელ ქსელებსა და ჩრდილოვან ფინანსურ სისტემებს, რათა გვერდი აუაროს სამართლებრივი შეზღუდვებს. დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი უფრო სწრაფად და უფრო შორს მიდის, ვიდრე ოდესმე, რათა შეზღუდოს ეს მარშრუტები და შეცვალოს თავისი მიდგომა, რათა წინ გაუსწროს რუსეთის თავის არიდების ტაქტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

„ჩვენ ასევე ზომებს ვიღებთ სამი ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ, სანქციებს გვერდი აუარონ“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს კომპანიებია Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC. სანქციების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ სამივე კომპანიას ბრიტანულ იურისდიქციაში არსებული ყველა ფინანსური აქტივი გაეყინება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში  ასევე აღნიშნულია, რომ სამეფომ სანქციები რუსეთთან დაკავშირებულ 3300-ზე მეტ ფიზიკურ პირს, ბიზნესსა და გემს დაუწესა. მათივე ცნობით, საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთმა 450 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.