„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს ზეწოლას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, რათა მან პროგრესი აჩვენოს უკრაინასთან მიმართებაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
აზიის ბირჟებზე დასავლეთ ტეხასის შუალედური ტიპის ნავთობის ფასი 4%-ით გაიზარდა და ბარელზე 60.86 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 3.7%-ით გაიზარდა და 64.95 აშშ დოლარი შეადგინა.
სანქციების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა ოთხშაბათს ვაშინგტონში. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციების დაწესება დაკავშირებულია რუსეთთან დაგეგმილი სამიტის გაუქმებასთან, რომელიც ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო. მისი თქმით, პუტინთან საუბრები „წინ არ მიდის“, თუმცა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს შეზღუდვები დროებითი იქნება.
„ეს ძალიან დიდი სანქციებია. ის მიმართულია მათი ორი დიდი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დიდხანს ვერ იმოქმედებენ. ვიმედოვნებთ, რომ ომი დასრულდება. ვფიქრობ, ორივე მხარეს ახლა მშვიდობა სურს“, – აღნიშნა ტრამპმა.