დღეიდან ევროპარლამენტში ევროკომისრობის კანდიდატთა მოსმენა იწყება

ევროპარლამენტი

დღეიდან ევროპარლამენტში ევროკომისრობის კანდიდატების მოსმენა იწყება. 12 ნოემბრამდე ევროპარლამენტის წევრების წინაშე ევროკომისრების თანამდებობაზე 26 კანდიდატი წარდგება.

საპარლამენტო კომიტეტებში თითოეული კანდიდატისთვის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისთვის სამი საათია გათვალისწინებული.

მოსმენა ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცების ბოლო ეტაპია. მანამდე, ოქტომბერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების ფინანსური დეკლარაციები შეისწავლა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამოსავლენად.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა სექტემბერში წარადგინა.

ფონ დერ ლაიენმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრად მარტა კოსი წარადგინა, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი. საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.