Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

ბენზინი

მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - მიზეზი დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხება და მდინარე დნესტრში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება გახდა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

საწვავის კრიზისის შესახებ საჯარო განცხადება პირველად ასოციაცია „ფერმერთა ძალის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სლუსარმა გააკეთა. DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განმარტა, რომ მთავრობის დადგენილებამდე ათი დღით ადრე, სოფლის მეურნეობის სექტორიდან უკვე შემოდიოდა ცნობები დიზელის საწვავის უკმარისობის შესახებ.

შექმნილი ვითარებისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მოსაზიდად, მან საკითხი მედიის წინაშე დააყენა. სლუსარის თქმით, ამავდროულად დაიწყო საწვავზე საბითუმო ფასების ზრდაც. უკვე 26 ივლისს, კვირას, დიზელის დეფიციტი მასშტაბური გახდა - მოწოდების დაყოვნებამ 5-7 დღე შეადგინა, რაც მოსავლის აღებისა და საშემოდგომო ხვნა-თესვის პერიოდში სპეცტექნიკის იძულებით მოცდენას იწვევს.

სლუსარის შეფასებით, ხელისუფლების რეაგირება მართებული, თუმცა დაგვიანებული იყო. მან განმარტა, რომ მოლდოვის ბაზარს მხოლოდ სამი კომპანია ამარაგებს, საიდანაც ერთ-ერთი -„ლუკოილი“ - დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშაა.

„ამ გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და სეზონის დაწყებამდე, მოლდოვის მსგავსი მცირე სახელმწიფოსთვის, საწვავის რეზერვების წინასწარ შევსება“, - დასძენს სლუსარი.

ენერგეტიკის რეგულირების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსეი ტარანის განცხადებით, 28 ივლისის მდგომარეობით, საწვავის მონიტორინგის სისტემაში დიზელის გარეშე დარჩენილი 66 ავტოგასამართი სადგური დაფიქსირდა.

მარაგების ამოწურვის პარალელურად, მსგავსი სადგურების რიცხვი მატულობს. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, არსებული რესურსი ქვეყანას დაახლოებით 8 დღის განმავლობაში ეყოფა. საწვავის შესყიდვის პროცესი გრძელდება, ხოლო ხელისუფლების ამოცანას მარაგების „სტაბილურ ნიშნულამდე“ - 12-13 დღემდე გაზრდა წარმოადგენს.

მთავრობის საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ვასილე ტოფანმა განაცხადა, რომ დიზელის საწვავის დეფიციტი სამი ერთდროული რეგიონული კრიზისის შედეგია. კერძოდ, ნოვოროსიისკის ტერმინალების დაზიანებამ შეაფერხა ყაზახური ნავთობის მიწოდება რუმინეთის უმსხვილეს გადამამუშავებელ საწარმო Petromidia-სთვის. აღსანიშნავია, რომ მოლდოვა რუმინეთზე სრულად ან ნაწილობრივ არის დამოკიდებული: აქედან ხორციელდება საავიაციო ნავთის იმპორტის თითქმის 100%, ბენზინის 99%, ხოლო დიზელისა და თხევადი გაზის 70-70%.

ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა და დუნაისა და დნესტრის წყლის დონის კრიტიკულმა შემცირებამ. წყლის ნაკლებობის გამო, საწვავმზიდი ბარჟები სრული დატვირთვით მოძრაობას ვერ ახერხებენ.

შექმნილი ვითარების ფონზე, დიზელის საწვავის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ლიტრზე 31 ლეი (დაახლოებით 1.5 ევრო) შეადგინა. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა.