დატბორილი გზები და სახლები, ევაკურიებული მოსახლეობა - ჯორჯიის შტატის 23 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

წყალდიდობა

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დატბორილ 23 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა abcnews წერს.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, ადიდებულია მდინარეები, ზოგიერთ რაიონში დაიტბორა სახლები.

სტიქია თავს დაატყდა იმავე რაიონებს, რომლებიც ჯერ კიდევ სექტემბერში, ქარიშხალ "ჰელენის" გამო დაზარალდნენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმა იყო ევანსის ოლქში, სადაც წვიმის წყლის დონემ 25 სანტიმეტრს მიაღწია.

მედიის ცნობით, მდინარესთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა მაშველთა ჯგუფმა ნავებით გამოიყვანა. სტიქიის გამო, ზოგიერთ ქალაქში დახურულია სკოლები.