„19:07 საათი...“ - ამოღებულია კადრები ტრაგედიის ადგილიდან
1752525121
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის წინ წაწევის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ აღნიშნულია ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმებიან სომხეთში დემოკრატიული რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს და მხარს უჭერენ ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეები ასევე მიესალმნენ ევროკავშირი-სომხეთის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის შესახებ მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას. მათ შორის კმაყოფილება გამოთქვეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირმა დაადასტურა სომხეთის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისადმი ერთგულება, რაც არსებითი ფინანსური და ტექნიკური დახმარებით საშუალებით ხდება.
„იმედი გვაქვს, Global Gateway-ის სტრატეგიის ფარგლებში, ევროკავშირის ინვესტიციები სომხეთში 2,5 მილიარდ ევროს მიაღწევს, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას და კავშირების განვითარებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის ინიციატივას სახელწოდებით „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც მიმართულია რეგიონული ურთიერთქმედებისა და შერიგების ხელშეწყობისკენ.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ ასევე აღნიშნეს სომხეთის ძალისხმევა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გამყარებას ემსახურება. კერძოდ ხაზი გაესვა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას და თურქეთთან ურთიერობების ნორმალიზაციას.
„ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს სომხეთის ევროკავშირის რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში ჩართვის მნიშვნელობას, კერძოდ, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს სომხეთს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღსაკვეთად ერევნის მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის.
ასევე საუბარი შეეხო სომხეთის და ევროკავშირის თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. პრესრელიზის მიხედვით, ლიდერები მიესალმნენ ბრიუსელსა და ერევანს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე კონსულტაციების დაწყებას. ამასთან, სომხეთის საინფორმაციო ეკოსისტემის მხარდაჭერის ფარგლებში, ლიდერებმა გამოაცხადეს ერევნისთვის ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომლის მოცულობაც 1,5 მილიონი ევროა და ეს თანხა სომხეთში დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას მოხმარდება.