დამხმარე ქალი ამბობს, რომ მოხუცები მოკლა, დამსაქმებლებს კი, არასოდეს ჰქონდათ პრეტენზია - უჩვეულო შემთხვევა საბერძნეთში

საბერძნეთის ამბავი

დამხმარე ქალი, რომელიც როდოსზე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, კვლავ ირწმუნება, რომ მოხუცებს ხოცავდა და თითოეულ შემთხვევაში ასახელებს გარემოებებს, რომლებშიც დანაშაული ჩაიდინა.

მიუხედავად ამისა, ადამიანები, რომლებიც მას ასაქმებდნენ, იძლევიან ჩვენებებს, რომლებიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მის მონაყოლს.

როგორც ირკვევა, ხალხს, რომლებთანაც ბერძენი დამხმარე ქალი მუშაობდა, არასოდეს ჰქონია მის წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია, ასევე, უარყოფენ ძალადობის ფაქტებს, რომლებზეც თავად საუბრობს. მისი ბოლო მსხვერპლის, 75 წლის ქალბატონის ნათესავი მედიასთან შემდეგ განცხადებას აკეთებს:

„როცა სახლში მივედი, დამხმარე ქალი სახლის გარეთ ვნახე, ხოლო დეიდა საწოლში გარდაცვლილი იყო, აღარ სუნთქავდა. თავიდან გონებაში ცუდი არაფერი გამიფიქრებია, მაგრამ პოლიციის მოქმედებებმა მიმახვედრა, რაც ხდებოდა. დეიდაჩემს ეს ქალი არ უყვიროდა, მას არასოდეს უთქვამს, რომ ცუდად ექცეოდა, არც პრეტენზია გამოუხატავს. მეზობლებშიც ვიკითხე, მაგრამ არაფერი საეჭვო არ უთქვამთ. როცა დეიდაჩემს ვესაუბრე  და ვკითხე, ყველაფერი კარგად იყო თუ არა, მიპასუხა, რომ ეს ქალი კარგი რომ არ ყოფილიყო საკუთარ საქმეში, არც ამუშავებდა თავისთან. შესაბამისად, ძალადობას ადგილი არ ჰქონია,”, ამბობს მამაკაცი.