CNN: აშშ-ში, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ბენზინი

ამერიკის ავტომობილისტების ასოციაციის ბოლო მონაცემებით, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

საშუალო ფასმა მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში 38 ცენტით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 64 ცენტით მოიმატა - ეს არის ყველაზე დიდი ყოველკვირეული და ყოველთვიური ზრდა 2022 წლის მარტის დასაწყისის შემდეგ, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიური სანქციები გამოიწვია.

ეს ზრდა არის რეაქცია ირანში მიმდინარე ომსა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ჩაკეტვაზე - ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არხი, რომელზედაც ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობის 20% მოდის.

ასევე, ეს გამოწვეულია ირანის საპასუხო თავდასხმებით მისი ნავთობით მდიდარი მეზობლების ინფრასტრუქტურაზე, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და საუდის არაბეთი - მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი.

დიზელის ფასი კიდევ უფრო სწრაფად იზრდება. ბოლო მონაცემებით, დიზელის საშუალო ფასი 5 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე 4.89 დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ფასმა 79 ცენტით მოიმატა.