ჩვენი ძველი ურთიერთობა აშშ-სთან დასრულდა - მარკ კარნი

მარკ კარნი

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ლიბერალურმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა. კარნის განცხადებას Reuters-ი ციტირებს.

სიტყვით გამოსვლისას მარკ კარნიმ კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ისაუბრა.

კარნიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც „კანადა შეერთებული შტატების 51-ე შტატი უნდა გახდეს“.

„ჩვენი ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, დასრულდა. შეერთებულ შტატებზე ორიენტირებული ღია გლობალური სავაჭრო სისტემა, რომელსაც კანადა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეყრდნობოდა, დასრულდა“, - განაცხადა მარკ კარნიმ.

მან ამჟამინდელ სიტუაციას „ტრაგედია“ უწოდა და დასძინა, რომ „ეს ჩვენი ახალი რეალობაა“.

კარნის თქმით, მომდევნო თვეები რთული იქნება.

ინფორმაციისთვის, კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ” გაიმარჯვა.

კარნის პარტიამ 167 ადგილი მოიპოვა, უმრავლესობისთვის კი 172 ადგილია საჭირო.