1788160316
ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ უვიზო რეჟიმის მუდმივობისთვის, თუ ჩინური მხარე ამას შესაძლებლად და სასარგებლოდ ჩათვლის - ვლადიმერ პუტინი
ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ უვიზო რეჟიმის მუდმივობისთვის, თუ ჩინური მხარე ამას შესაძლებლად და სასარგებლოდ ჩათვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან მოლაპარაკებები „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში“ გამართა და რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოდელი უწოდა.
„თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში. ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, კოსმოსის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში. ციფრული ინოვაციები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უვიზო რეჟიმის წყალობით, ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადი წლის პირველ ნახევარში 43 პროცენტით გაიზარდა.
გასული წლის სექტემბერში ჩინეთმა რუსებისთვის 12 თვის ვადით 30-დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო, რაზეც რუსეთმა დეკემბერში ანალოგიურად უპასუხა. მაისში პეკინმა ის 2027 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა, ხოლო პუტინმა ივლისში მსგავს ბრძანებულებას მოაწერა ხელი.
თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან და სხვა მხარეებთან, რათა გააძლიეროს გლობალური მმართველობის რეფორმისა და თანასწორი და მოწესრიგებული მრავალპოლარული სამყაროს წინსვლის მამოძრავებელი ძალა.
სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინი მზადაა ითანამშრომლოს მოსკოვთან და სხვადასხვა მხარესთან, რათა ერთობლივად განსაზღვრონ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ განვითარების კურსი და უზრუნველყონ მისი სტაბილური და მდგრადი პროგრესი.










