სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა
1752153628
ზაფხული ყოველთვის ერთი და იმავე ხანგრძლივობის არაა, არამედ პერიოდულად მცირედით იცვლება. მაგალითად, ეს ზაფხული წინაზე 15 წუთით ხანმოკლე იქნება.
ამის გასაგებად, პირველ რიგში, ჩვენს პლანეტაზე სეზონების მონაცვლეობის მიზეზი უნდა ვიცოდეთ. ეს ორბიტალური სიბრტყის მიმართ დედამიწის ღერძის 23.5°-იანი დახრილობაა. შესაბამისად, როცა რომელიმე ნახევარსფერო მზისკენაა გადახრილი, ის უფრო მეტ სხივებს იღებს და ზაფხულიც დგება. მის საპირისპირო ნახევარსფეროში ამ დროს ზამთარია, თუმცა, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეში პირიქით ხდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სეზონების ცვლილებაში მთავარი როლი სწორედ ღერძის დახრილობას აქვს და არა მზესთან დედამიწის დისტანციას, მაგრამ ის მათ ხანგრძლივობაზე მაინც მოქმედებს.
საქმე ისაა, რომ მზის გარშემო ჩვენი პლანეტის ორბიტა ოდნავ ელიფსურია, ანუ ვარსკვლავს ხან ჩვეულებრივზე მეტად ვშორდებით და ხანაც ვუახლოვდებით. პირველს აფელიუმი ეწოდება, მეორეს კი — პერიჰელიუმი. ორივე შემთხვევაში დედამიწის სიჩქარე იცვლება ისე, რომ ციური სხეული თანაბარ არეალზე მანძილს თანაბარ დროში ფარავს. ამას კეპლერის მეორე კანონი ხსნის.
აფელიუმისას პლანეტა უფრო ნელა მოძრაობს, ხოლო პერიჰელიუმისას ის შედარებით სწრაფად გადაადგილდება. ამჟამად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია და ის აფელიუმს ემთხვევა, სამხრეთში კი იმავე სეზონზე პერიჰელიუმია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან დაახლოებით 4 დღით ხანგრძლივი ზაფხულია, ვიდრე სამხრეთში.
ვინაიდან კალენდარი მზის გარშემო ორბიტას ზუსტად არ შეესაბამება, წლების განმავლობაში აფელიუმისა და პერიჰელიუმის პერიოდები ინაცვლებს. ამის გამო, 1000 წელში ჩრდილოეთში ზაფხული დაახლოებით 6 საათით უფრო დიდხანს გაგრძელდება. სწორედ იმავე მიზეზს უკავშირდება მიმდინარე ზაფხულის ხანგრძლივობაც, რაშიც ბევრი ფაქტორი მონაწილეობს: პირველ რიგში, დედამიწის ბრუნვის ღერძი და მზის სისტემაში არსებული ციური სხეულების მიზიდულობა (მთვარე, იუპიტერი).
ამ ყველაფრის შედეგად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს ზაფხული 93 დღეს, 15 საათსა და 37 წუთს მოიცავს. შედარებისთვის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 93 დღე, 15 საათი და 52 წუთი იყო, რაც 15-წუთიან სხვაობას გვაძლევს.
რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, მომდევნო წელს ზაფხული 93 დღეს, 15 საათსა და 40 წუთს გაგრძელდება.