ჩეხეთში რესტორანში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა

ჩეხეთი

 ჩეხეთის ქალაქ მოსტში რესტორანში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, აფეთქება, სავარაუდოდ, გამათბობელის ამოტრიალებამ გამოიწვია, რასაც შენობაში ხანძარი მოჰყვა. უწყების თანახმად, ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.

„მოსტში რესტორან კოიოტში პროპან-ბუტანის ცილინდრი აფეთქდა. თვითმხილველებისგან მიღებული წინასწარი ინფორმაციით, გამათბობელი ამოტრიალდა, რამაც აალება გამოიწვია. შემთხვევის ადგილას 12 სახანძრო ბრიგადა იმყოფება". - წერს ჩეხეთის სახანძრო სამსახური.

სახანძრო ბრიგადის თქმით, ერთი მძიმედ დაშავებული პირი გადაარჩინეს, რომელიც საპირფარეშოში იყო გამოკეტილი.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმაც ჩეხურ რადიოსთან საუბრისას ასევე თქვა, რომ აფეთქების სავარაუდო მიზეზი რესტორნის ბაღში გამათბობლის ამოტრიალება გახდა.

"მსურს, გულწრფელად მივუსამძიმრო ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო და ყველა დაშავებულს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო". - დაწერა რაკუსანმა X-ზე.

ჩეხეთის პოლიციამ თქვა, რომ გაუფრთხილებლობით საჯარო უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდების შესაძლო საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს რესტორანში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა.

ბრიგადის ცნობით, რესტორნიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან 30 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, რომლებიც შემდგომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.