ჩეჩნეთში, პოლიციელის მკვლელი 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე დააგდეს - მედია

ჩეჩნეთში, პოლიციელის მკვლელი 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე დააგდეს

7 აპრილს, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, დანით შეიარაღებული 17 წლის ბიჭი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს. მან ორი თანამშრომელი დანით დაჭრა, სამართალდამცველებმა ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.

მოგვიანებით, ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

10 აპრილს ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა NIYSO-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ქალაქის მოედანზე დემონსტრაციულად დაგდებული ახალგაზრდა კაცის გვამი.

მედიის ინფორმაციით, მოკლული თავდამსხმელის ცხედარი მოედანზე კადიროველებმა მიიტანეს, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის სტუდენტები და პენსიონერები მოედანზე ორგანიზებულად მიიყვანეს

რამზან კადიროვის თქმით, თავდამსხმელის უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგას. ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე მოითხოვა, რომ დამნაშავის ოჯახის წევრები რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევონ.

"შსს-მ და როსგვარდიამ, ფსბ-სთან ერთად, რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევოს დამნაშავეების მამები და შვილები". – თქვა კადიროვმა.

შემთხვევას გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი. მისი თქმით, ინფორმაციას ოპოზიციური მედიები ავრცელებენ, რომლებიც "ნდობას არ იმსახურებენ".