ბრიტანეთში გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

წყვილი

დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის შედეგად პირველი ბავშვი გაჩნდა. გრეის ბელმა პატარა ბიჭი სახელად ჰუგო 10 კვირის წინ გააჩინა. ის და მისი პარტნიორი სტივ პაუელი ამბობენ, რომ მათი შვილის დაბადება უბრალოდ სასწაულია.

ბელი ერთ-ერთია იმ 5 ათასამდე ქალისგან ბრიტანეთში, რომლებიც საშვილოსნოს გარეშე, მაგრამ საკვერცხეებით დაიბადნენ. 16 წლის ასაკში მას უთხრეს, რომ საკუთარ შვილებს მუცლით ვერასოდეს ატარებდა.

ბელი მონაწილეობას იღებს კლინიკურ კვლევაში, რომელიც ასეთი ქალებისთვის საშვილოსნოს ტრანსპლანტაციას ითვალისწინებს. ქვეყანაში უკვე 10 ასეთი ოპერაცია ჩატარდა, თუმცა გადანერგვის შედეგად ბავშვი პირველად გაჩნდა. გრეისი და სტივი დონორის ოჯახს ორგანოს დონაციისთვის მადლობას უხდიან და ამას „საოცარ საჩუქარს“ უწოდებენ.

სპეციალისტები ჰუგოს დაბადებას გარღვევად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია გრეისის მსგავსი დიაგნოზის მქონე ქალებს იმედი მისცეს.