ბრიტანეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე შეზღუდვებს აწესებს

ხელოვნური ინტელექტი

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკანონოდ გამოაცხადებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც ქმნიან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველ ფოტომასალას.

BBC-სთან საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ ეს ცვლილება ასევე იქნება ძლიერი სიგნალი მათთვის, ვინც ქმნის ფორუმებს, რათა ასწავლოს სხვებს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი ძალადობისთვის, ან ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც „ღრმად აზიანებს“ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ბავშვების აშკარა გამოსახულებების ფლობა, გადაღება, დამზადება, ჩვენება ან გავრცელება ინგლისსა და უელსში დანაშაულია. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით დიდი ბრიტანეთი იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას კრიმინალურ ქმედებად გამოაცხადებს.

კუპერმა თქვა, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ „მორალური პასუხისმგებლობა“ წაშალონ უკანონო სურათები და თუ ისინი ამას ვერ გააკეთებენ, შეიძლება მათ წინააღმდეგ ახალი კანონებით „უფრო ძლიერი ქმედება“ განხორციელდეს. ეს ნაბიჯი მას შემდეგ ხდება, რაც ინტერნეტ კრიმინალები სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ბავშვებზე ძალადობის მასალის შესაქმნელად, ასეთი აშკარა სურათების შესახებ ცნობები 2024 წელს თითქმის ხუთჯერ გაიზარდა - იტყობინება Internet Watch Foundation. ბრიტანეთმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ის ასევე სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს სექსუალურად გამოხატული „დიპფეიქების“ - ვიდეოების, სურათების ან აუდიო კლიპების გაკეთებას და გაზიარებას, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.