ბორელმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთის იზოლაციასა და ევროკავშირის მეზობლების მხარდაჭერას ითვალისწინებს

ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ახალი პრინციპების პროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთის იზოლაციას, ასევე გაფართოების პოლიტიკის მეშვეობით, ევროკავშირის მეზობლების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ შექმნილი პროექტის თანახმად, უნდა მოხდეს რუსეთის იზოლაცია, რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების დაწესება და განხორციელება, რომ მოსკოვს ომის წარმოების საშუალებები შეეზღუდოს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებამ უკვე გამოიწვია ევროკავშირის გაფართოების პროცესის აღორძინება თითქმის ათწლიანი სტაგნაციის შემდეგ. მედიის ცნობით, ცვლილებებმა ასევე გამოიწვია იმის გაცნობიერება, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესი მის ახლო სამეზობლოში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოზე, უნდა სცდებოდეს იმის განხილვას, ვინ იქნება შემდეგი წევრი.

ბორელის პროექტი აგრეთვე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, „მჭიდროდ ითანამშრომლონ პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში და ნატო-ს მოკავშირეებთან, რათა დაიცვან და გააძლიერონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“. პროექტის თანახმად, 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროების ადგილი არ არის და არ შეიძლება იყოს მომავალი ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ნაწილი.

„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უფრო აქტუალურს ხდის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაბამისად ადაპტირებას“, – აღნიშნულია პროექტში.

ევროკავშირის დიპლომატების ინფორმაციით, პროექტი ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ დადებითად მიიღო, თუმცა ქვეყნების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი და ტექსტში კონკრეტული ფორმულირებების გამოჩენას იმედოვნებს.