BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს

BBC

 ტრამპის რედაქტირებულ გამოსვლასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს.

გადადგომის მიზეზი მაუწყებლის მთავარ დოკუმენტურ პროგრამაში - "პანორამაში" დამონტაჟებული ფილმი გახდა, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმის მოვლენებს ეხება. ბრიტანულმა მაუწყებელმა ტრამპის გამოსვლის ორი ნაწილი, რომელთაც, სინამდვილეში, ერთმანეთთან 50 წუთი აშორებდა, ერთად დაამონტაჟა და გამოვიდა ისე, თითქოს პრეზიდენტი არეულობებს აქეზებდა.

შედეგად ფრაზას "ჩვენ წავალთ კაპიტოლიუმთან," BBC-იმ მიაბა - "მე თქვენთან ერთად წამოვალ, ჩვენ მთელი ძალით ვიბრძოლებთ." თუმცა ნათქვამი იყო - "მხარს დავუჭერთ ჩვენს მამაც სენატორებსა და კონგრესმენებს."

მიმდინარე სკანდალს ეხმაურება თავად ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ BBC-ის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

BBC-ის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ტრამპის მეორე შანსი", ეთერში 2024 წლის არჩევნებამდე 1 კვირით ადრე გავიდა.