დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
აშშ-ის უზენაესი სასამართლო, ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე, მზადაა დაამტკიცოს კანონი, რომელიც ქვეყანაში TikTok-ს აკრძალავს, თუ მისი ჩინელი მშობელი კომპანია პლატფორმას 19 იანვრამდე არ გაყიდის.
როგორც BBC იუწყება, უზენაესი სასამართლოს მოსმენა TikTok-ის შესახებ შეერთებულ შტატებში პარასკევს 2.5 საათი გაგრძელდა, სადაც პლატფორმის იურისტებმა, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებმა და TikTok-ის კონტენტის შემქმნელებმა იმსჯელეს.
2024 წლის აპრილში აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც TikTok-ის ჩინელ მფლობელს, ByteDance-ს ავალდებულებს, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წლის 19 იანვრიდან აშშ-ში სოციალურ ქსელს აკრძალვა დაემუქრება. კომპანიამ განაცხადა, რომ პლატფორმას არ გაყიდის.
ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩინური კომპანია TikTok პეკინს ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვების და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს.
გასული წლის დეკემბერში, აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა კანონი აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის და განაცხადა, რომ ეს ღონისძიება გამართლებული იყო, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ფართო ძალისხმევის ნაწილი.
აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
პარასკევს უზენაესი სასამართლოს მოსმენაზე, TikTok-ის წარმომადგენელმა იურისტებმა და კონტენტის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ პლატფორმის აკრძალვა TikTok-ის 170 მილიონზე მეტი ამერიკელი მომხმარებლის სიტყვის თავისუფლებას დაარღვევს.
აშშ-ს მთავრობამ გაიმეორა, რომ გაყიდვის გარეშე TikTok შეიძლება გამოიყენოს ჩინეთმა, როგორც ჯაშუშობისა და პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატმა ელიზაბეტ ბ. პრელოგარმა შეახსენა სასამართლოს, რომ პეკინმა "შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიყენოს TikTok-ი შეერთებული შტატებისთვის ზიანის მიყენების მიზნით".
TikTok-მა არაერთხელ უარყო, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია კომპანიას თავისი გავლენის გასავრცელებლად იყენებს და თქვა, რომ აშშ-ს კანონი არღვევს მომხმარებლების პირველი შესწორების უფლებებს სიტყვის თავისუფლებაზე.