ბალტიის ქვეყნების ცა საკმარისად უსაფრთხო აღარ არის - გიტანას ნაუსედა

გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ასევე ლატვიისა და ესტონეთის ლიდერებს შეხვდა.

ლიეტუვის მედიის ცნობით, შეხვედრისას მთავარი ყურადღება დაეთმო ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების ვითარებას, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებას. ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვეობით ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობა.

ნაუსედას განცხადებით, ბოლო მოვლენები ცალკეულ შემთხვევებად არ უნდა შეფასდეს, რადგან ისინი უფრო ფართო უსაფრთხოების ტენდენციის ნაწილია. მისივე თქმით, ბალტიის ქვეყნების ცა უკვე საკმარისად უსაფრთხო აღარ არის.

„გასულ კვირას ლიეტუვისა და სხვა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები დაფიქსირდა. ეს არც ერთეული პროვოკაციებია და არც შემთხვევითი მოვლენები. ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირდაპირი შედეგია და კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რამდენად ახლოს არის ომი. დღეს ბალტიის ქვეყნების ცა უკვე საკმარისად უსაფრთხო აღარ არის. ჩვენ მუდმივად მზარდ ზეწოლას ვაწყდებით – დრონების შეჭრიდან და ელექტრონული ჩარევებიდან დაწყებული, საინფორმაციო თავდასხმებითა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის საფრთხეებით დასრულებული. ეს არის უსაფრთხოების ახალი რეალობა ევროპაში. ჩვენ არ უნდა შევამციროთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე შევინარჩუნოთ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთსა და მის სამხედრო მანქანაზე. ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია, დაიცვას საკუთარი საზღვრები, საკუთარი მოქალაქეები და საკუთარი თავისუფლება“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.