1732386875
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზადყოფნას აცხადებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ქალაქ ევლახში შეხვედრისთვის. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება. დღესვე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას მოუწოდა, არ მიუახლოვდეს სამხედრო ობიექტებს და არ დაუჭიროს მხარი სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.