ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს - ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება, ამ დრომდე, დაძაბულია

ფრენები გაუქმდა

Reuters-ის ინფორმაციით, აზიურმა ავიაკომპანიებმა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირების გამო მარშრუტები შეცვალეს და ფრენები გააუქმეს. 

პაკისტანის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის მიზნით 24-ზე მეტი საერთაშორისო რეისი გადამისამართდა. FlightRadar24-ის ცნობით, ოთხშაბათს დილისთვის, ადგილობრივი დროით, ავიაკომპანიებმა პაკისტანში ან პაკისტანიდან მიმავალი 52 რეისი გააუქმეს.

პაკისტანის არმიის წარმომადგენლის თქმით, ინდოეთის საჰაერო დარტყმის დროს პაკისტანის საჰაერო სივრცეში 57 საერთაშორისო რეისი მოძრაობდა.

ორივე ქვეყანაში შიდა რეისებიც შეფერხდა. ინდოეთმა რამდენიმე აეროპორტი დახურა. Air India-მ, IndiGo-მ, SpiceJet-მა და Akasa Air-მა რეისები გააუქმა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება, ამ დრომდე, დაძაბულია.

ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა — ორი კვირის შემდეგ, რაც ნიუ-დელიმ ისლამაბადი ტურისტულ ქალაქ პაჰალგამში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში დაადანაშაულა. აღნიშნულ თავდასხმას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები მიზნად ისახავდა „ტერორისტული ინფრასტრუქტურის ცხრა ობიექტს პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში“. სამინისტროს ცნობით, ოპერაცია „ფოკუსირებული, ზომიერი და არაესკალაციური“ იყო.

ინდოეთი ამტკიცებს, რომ დარტყმები არ შეხებია პაკისტანის სამხედრო ობიექტებს და „სინდურის ოპერაცია“ მიზნად ისახავდა „დამნაშავეების პასუხისგების უზრუნველყოფას ზედმეტი პროვოკაციის გარეშე“.

თავის მხრივ, პაკისტანმა ინდოეთის ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და მას „პროვოკაციული და ომის აშკარა აქტი“ უწოდა, რომელიც „პაკისტანის სუვერენიტეტს არღვევს“.