აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთი ჰოლივუდის ფილმების იმპორტს შეამცირებს

აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთი ჰოლივუდის ფილმების იმპორტს შეამცირებს

აშშ-სთან სავაჭრო ომის დაწყების ფონზე, ჩინეთი ჰოლივუდის ფილმების იმპორტს შეამცირებს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის კინოს ადმინისტრაციამ გააკეთა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ადმინისტრაციის განცხადებით, ჩინეთი, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა, ამერიკული ფილმების შესყიდვას "ზომიერად შეამცირებს". პეკინის გეგმის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში თავდაპირველად ქვეყნის ორმა გავლენიანმა ბლოგერმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

"აშშ-ს მთავრობის უმართებულო ქმედება, ბოროტად გამოიყენოს ტარიფები ჩინეთის წინააღმდეგ, გარდაუვალად შეამცირებს ადგილობრივი მაყურებლის მოთხოვნას ამერიკულ ფილმებზე". - წერია ჩინეთის კინოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჩინეთის ნაბიჯის ფონზე, ამერიკული გასართობი ინდუსტრიის კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. The Walt Disney Company-ს აქციები 5.6%-ით გაიაფდა, Paramount Global-ის - 1.1%-ით. ყველაზე თვალსაჩინო ვარდნა Warner Bros. Discovery Inc.-ის აქციებმა განიცადა, 11%-ით.

როგორც Bloomberg წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის მთავრობამ ამერიკული ფილმების იმპორტი სრულად არ აკრძალა, ნაბიჯმა ვაშინგტონს სიგნალი გაუგზავნა, რომ ახლად გაჩაღებულ სავაჭრო ომში პეკინის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, ამერიკის მომსახურების სფერო გახდეს.