1749744057
აშშ-ში რუსეთის ახალი ელჩი აცხადებს, რომ რუსეთმა და აშშ-მა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან თავიანთ დედაქალაქებში გადაიტანონ

რუსეთმა და აშშ-მა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან თავიანთ დედაქალაქებში გადაიტანონ, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება, – ამის შესახებ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში აშშ-ში რუსეთის ახალმა ელჩმა, ალექსანდრ დარჩიევმა განაცხადა.
ელჩის ჰკითხეს, ამყარებს თუ არა ამერიკული ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების განცხადებებს კონკრეტული ქმედებებით, ასევე როდის და სად ჩატარდება ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზების საკითხზე კონსულტაციების მორიგი რაუნდი.
„მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაჯანსაღებამდე ჯერ კიდევ შორია, თავად პროცესი რთულად მიმდინარეობს და მას ანელებენ არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები „დიფ სთეითის“ სახით, არამედ „ქორებიც“ კონგრესში, სადაც ჩამოყალიბდა სტაბილური ანტირუსული ლობი“, – უპასუხა დარჩიევმა.
თუმცა, როგორც რუსეთის ელჩმა აღნიშნა, წინსვლა, თუმცა საკმაოდ შექცევადი, მაინც მიმდინარეობს და იზომება ისეთი ხელშესახები შედეგით, როგორიცაა მიმდინარე წლის 10 აპრილს სტამბოლში კონსულტაციების ბოლო რაუნდის დროს მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დედაქალაქებში გადატანის შესახებ.
„შემიძლია დავადასტურო, რომ დელეგაციების შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება“, – დასძინა ელჩმა.