1731473346
აშშ-ში მშობლებს 4 წლის შვილის მკვლელობაში ედებათ ბრალი - „შვილებს აშიმშილებდნენ, მაცივარში საჭმელი სულ იყო, თუმცა ჭამის უფლებას არ აძლევდნენ“
აშშ-ში წყვილს ბრალი ედება 4 წლის შვილის შიმშილით მოკვლაში. მათი შვილი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა. ბავშვი დაახლოებით 8 კილოგრამს იწონიდა. ბავშვი საავადმყოფოში 13 ოქტომბერს გადაიყვანეს და მკურნალობდნენ, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, წყვილი ასევე ბრალდებულია 5, 6 და 7 წლის სხვა სამი შვილის შეურაცხყოფაში.
სახლში მისულმა ექიმებმა სხვა ბავშვებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები იხსენებენ, „მათ კანზე ჭუჭყის ფენები ჰქონდათ, თმაში კი ფეკალიები“.
პოლიციის თქმით, მშობლები შვილებს ორი წლის განმავლობაში აშიმშილებდნენ.
„მაცივარში საჭმელი სულ იყო, თუმცა ბავშვებს მისი გაღების უფლება არ ჰქონდათ. ნებისმიერ კარადას, რომელშიც საკვები იყო, სახელურზე სპეციალური საკეტი ჰქონდა გაკეთებული“,- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, სახლში არსებული სამი საძინებლიდან ერთ-ერთი „დაფარული იყო განავლით". საძინებელში მხოლოდ რამდენიმე გატეხილი ავეჯი და ლეიბი იდო.
ბავშვები სკოლაში არ სწავლობდნენ და ექიმთან ვიზიტზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ. მათი მშობლები ყველასთან კომუნიკაციას ერიდებოდნენ, რათა „დაემალათ“ ბავშვების მდგომარეობა.
გარდაცვლილი ბავშვის და-ძმები რჩებიან ჰოსპიტალში არასრულფასოვანი კვების გამო. ექიმები მათ აკვირდებიან და საჭირო მკურნალობას უტარებენ.