აშშ-ში კერძო მამულიდან გაქცეულ ჟირაფს ეძებენ - სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთო

ჟირაფი

აშშ-ში გრეისის სახელით ცნობილი ჟირაფი კერძო რანჩოდან გაიქცა - ამის შესახებ The New York Times იუწყება.

ბადისებრი ჟირაფი, რომლის კისრის სიგრძეც ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს უტოლდება, სან-ანტონიოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე „სედარ ჰოლოუს“ რანჩოს ტერიტორიიდან დაახლოებით ორი კვირის წინ გაუჩინარდა. იგი აძვრა ციცაბო ბორცვზე, რომელსაც სხვა ცხოველები ჩვეულებრივ გვერდს უვლიდნენ, ჩამოვიდა შემოუღობავ მონაკვეთზე და ჭიშკრის მიღმა აღმოჩნდა. გრეისის გაქცევის დღიდან ეძებენ, თუმცა ვერტმფრენების გამოყენებით ჩატარებულმა სამძებრო სამუშაოებმაც კი შედეგი ვერ გამოიღო.

რანჩოს მფლობელი, ვიკ ჯონსი, 5 000 დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ცხოველის დაბრუნებაში დაეხმარება. სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა ყალბი ცნობები გრეისის დაჭერის შესახებ, თუმცა რიალის ოლქის შერიფმა, ნათან ჯონსონმა, ისინი უარყო, განაცხადა, რომ ჟირაფი კვლავ თავისუფლებაზეა და ამ დეზინფორმაციას აღმაშფოთებელი უწოდა.

რანჩოს გარშემო არსებული ტერიტორია საკმაოდ გორაკებიანი და უხვი ტყითაა დაფარული, რის გამოც ჟირაფს საკვებად საკმარისი ფოთლების პოვნა თავისუფლად შეუძლია.