აშშ-ში ძაღლების უცნაური დაავადება ვრცელდება - რა უნდა ვიცოდეთ

ძაღლი

აშშ-ში ძაღლებს შორის უცნაური რესპირატორული დაავადება ვრცელდება. ვეტერინარების თქმით, დაავადება არ რეაგირებს ანტიბიოტიკებზე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„ჩვენ არ ვიცით რა იწვევს დაავადებას და არ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, როგორ ხდება მისი გადაცემა. ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს", - განუცხადა The Washington Post-ს კოლორადოს ვეტერინარმა ლინდსი განზერმა.

დაავადებაზე იმდენად ცოტაა ცნობილი, რომ მას ჯერ სახელიც კი არ აქვს მინიჭებული. დაავადება სწრაფად გავრცელდა ასობით ძაღლზე სულ მცირე ხუთ შტატში, მათ შორის ორეგონში, კოლორადოსა და ნიუ ჰემფშირში. ორეგონის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაავადებაზე მიღებულია 200-ზე მეტი შეტყობინება.

ამერიკის ვეტერინარული სამედიცინო ასოციაციის თანახმად, ინფიცირებულ ძაღლებს აღენიშნებათ ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და პნევმონია.

უმეტეს შემთხვევაში, პირველი სიმპტომი არის გრიპის მსგავსი. ეს მოიცავს თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენს. ძაღლებში აღინიშნა სიკვდილიანობაც, თუმცა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

დევიდ ნედლმა, ნიუ-ჰემფშირის ვეტერინარული დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მკვლევარმა, WP-ს უთხრა, რომ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა. თუმცა, მას მიაჩნია, რომ უკვე სამ კვირაში შედეგები ექნებათ.

ექსპერტები შინაური ცხოველების მფლობელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, სანამ მკვლევრები არ გაარკვევენ თუ რასთან გვაქვს ძაღლების პატრონები ფრთხილად უნდა იყვნენ.