წყალი შეწყდება - ნახეთ მისამართები და აღდგენის დრო
1787597253
აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირანის ფინანსურ კავშირებზე ზეწოლის გაძლიერებას იწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
საერთო ჯამში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები ირანთან დაკავშირებულ თითქმის 60 კომპანიას, ფიზიკურ პირსა და გემს დაუწესა. ბესენტის თქმით, ვაშინგტონის მთავარი მიზანია ირანის რეჟიმის ფინანსური წყაროების სრულად შეზღუდვა.
როგორც ბესენტმა აღნიშნა, სანქციები შეეხო ირანის ბირთვულ, სარაკეტო, კიბერ და ნავთობის ქსელებს. მისივე თქმით, სანქციების სამიზნე გახდა ბროკერი კომპანიების ქსელი, რომელიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ კონგში, ჩინეთში, სინგაპურში, შვეიცარიასა და ევროპის ქვეყნებში ემსახურება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე ყურადღება გაამახვილა ციფრული აქტივების, ტექნოლოგიების, ოქროს, ავიაციისა და საზღვაო გადაზიდვების სექტორებზე, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. ამასთან, შეჩერებულია ის ზოგადი ლიცენზიები, რომლებიც ირანთან გარკვეული სახის ფულადი გზავნილების განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა.
ამასთან, ბესენტის განცხადებით, თითოეულ ქვეყანას აქვს „განსაზღვრული ვადა“, რათა შეწყვიტოს ის საქმიანობა, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა. ბესენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ლიდერებს ესაუბრება და მათგან თეირანთან ურთიერთობების შეწყვეტას ითხოვს. მისი განცხადებით, ვაშინგტონმა უკვე დაინახა გარკვეული შედეგები, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა შედეგებზე საუბრობდა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც ვაშინგტონის პოზიციას დაუჭერენ მხარს, აშშ-თან პარტნიორობისგან სარგებელს მიიღებენ, ხოლო ირანის რეჟიმთან თანამშრომლობის გაგრძელებას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს.