წყალი 7 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1785308040
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანთან დაკავშირებული ტერორისტების წინააღმდეგ, რომელთა მოქმედებებსაც, აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ წარმართავდა, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „აშშ-ის ძალების წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო თავდასხმები წარუმატებელი აღმოჩნდა“.
„აშშ-ისა და საუდის არაბეთის გამანადგურებლებმა აღმოსავლეთ ერაყში ტერორისტების რამდენიმე ლოგისტიკისა და იარაღის ობიექტზე მიიტანეს იერიში. ეს იყო მკაცრი პასუხი ბოლო 72 საათის განმავლობაში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ მართულ 30-ზე მეტ საჰაერო თავდასხმაზე, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. აშშ-ის ძალების წინააღმდეგ მიმართული ეს უსაფუძვლო თავდასხმები წარუმატებელი აღმოჩნდა. 2026 წლის თებერვლიდან აპრილამდე, ერაყში მოქმედი ირანთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებების მიერ, აშშ-ის მოქალაქეებსა და ობიექტებზე თავდასხმის 600-ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა. აშშ-ის შემდგომი სამხედრო რეაგირების თავიდან ასაცილებლად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ და მისმა ტერორისტულმა პროქსი-ჯგუფებმა უნდა შეწყვიტონ თავდასხმები“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალებმა ირანიდან რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მათი ინფორმაციით, ეს იყო ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს.