აშშ-ის პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს: თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე ოპერაციაში ჩართულ ამერიკულ ხომალდებზე თავდასხმას განახორციელებს, ქვეყანა სრულად განადგურდება

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს: თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე ოპერაციაში ჩართულ ამერიკულ ხომალდებზე თავდასხმას განახორციელებს, ქვეყანა სრულად განადგურდება - Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანული მხარე მოლაპარაკებების პროცესში ბევრად უფრო დამთმობი გახდა.

შტატების ლიდერის პროგნოზით, კონფლიქტის დასრულებისთანავე საწვავის ფასები სწრაფად და მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამავდროულად, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ ირანი მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ არტერიაზე, ჰორმუზის სრუტეზე, სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს. თეირანი ენერგეტიკულ ბერკეტს გლობალურ პოლიტიკურ იარაღად იყენებს, რათა დასავლეთზე ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს და მოლაპარაკებებში ხელსაყრელი პირობები მიიღოს. პარალელურად ირანი რეგიონის ქვეყნებზეც ახორციელებს თავდასხმას.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ფრთოსანი რაკეტებით და დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობინფრასტრუქტურას და სავაჭრო გემებს.

დუბაის ჩრდილოეთით დაარტყეს სამხრეთ კორეულ სატვირთო გემს. ომანში კი ირანული ჭურვი მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს.