აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი

პუტინი და ბუში

აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ჯორჯ ბუშისა და ვლადიმერ პუტინის კანადაში გამართული შეხვედრის შესახებ მასალებს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც იყო საუბარი.

საარქივო დოკუმენტების თანახმად, შენიშვნები ძალიან მოკლე და გარკვეულწილად კრიპტოგრაფიულია.

დოკუმენტების მიხედვით, საუბარი კლასიფიცირებულია, როგორც „საიდუმლო/მგრძნობიარე“ და ფოკუსირებულია ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ბიოლოგიურ იარაღზე და რუსეთის შესაძლო რეაქციაზე საქართველოს უუნარობაზე, გაუმკლავდეს ჩეჩენ და სხვა ტერორისტებს, რომლებიც იმალებიან პანკისის ხეობაში, რუსეთის საზღვართან.

საარქივო დოკუმენტების მიხედვით, საუბრის დასასრულს პუტინი ახსენებს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – ჩეჩენი/ისლამისტი ტერორისტების დამალვას საქართველოში, პანკისის ხეობაში. დოკუმენტის თანახმად, ბუშმა სრული გაგება გამოთქვა რუსეთის გეგმების მიმართ, განახორციელოს ზუსტი დარტყმები ან სპეციალური დანიშნულების რაზმების ოპერაციები პანკისში, თუ საქართველოში შევარდნაძის მთავრობა ვერ შეძლებს ამ საკითხის მოგვარებას. იგი ასევე დაეთანხმა პუტინის მიერ ამბოხებულების ისლამისტ ტერორისტებად დახასიათებას.

პრეზიდენტი ბუში: საქართველო – ვიცი, რომ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ქართველებს შეუძლიათ ამ საქმის შესრულება. მათ ეშინიათ ერთობლივი ოპერაციების.

პრეზიდენტი პუტინი: ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვთ.

პრეზიდენტი ბუში:  ისინი უნდა წავიდნენ მკვლელების დასაჭერად.

პრეზიდენტი პუტინი: ისინი ამას არ გააკეთებენ.

პრეზიდენტი ბუში: მომეცით საშუალება, ძლიერად მივაწვე. თუ ისინი არ წავლენ მათ დასაჭერად, შეგვიძლია, მოვიფიქროთ, როგორ დავაკავოთ „ალ ქაიდას“ მკვლელები. ჩვენ გვინდა მათი სიკვდილი. ჩემი შეშფოთება საქართველოს მიმართ არ არის თქვენი მიზნის შესახებ. ჩვენ გვესმის ყველანაირი საუბარი აშშ-სა და რუსეთისთვის საფრთხეებზე ამ ტერიტორიიდან. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დაგეხმაროთ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრეზიდენტი პუტინი: ყველაფერი უნდა გაიხსნას. ჩვენ არანაირ მოძრაობას არ განვახორციელებთ მათ ტერიტორიაზე. მაგრამ თუ ეს ქმედებები ტერორისტებს ჩვენს ტერიტორიაზე გადასვლას აიძულებს, ჩვენ არ დაველოდებით. ჩვენ მათ საქართველოში დავარტყამთ. მთები ძალიან მაღალია. თუ ისინი მთებს გადაკვეთენ, ჩვენ ვერ დავიჭერთ მათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ ეს სიტუაცია, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ ისინი ჩვენკენ მოემართებიან, ჩვენ დავარტყამთ. მე გავეცი ბრძანება. ჩვენ ჯარებს ვგზავნით საზღვრის გადასაკეტად.

პრეზიდენტი ბუში: თქვენ თვალყურს ადევნებთ მათ?

პრეზიდენტი პუტინი: დიახ.

პრეზიდენტი: რამდენი?

პრეზიდენტი პუტინი: 2,3-500. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა – ისინი 5 კილომეტრის რადიუსში მოახლოვდნენ. ჩვენ ვეცდებით, თავი ავარიდოთ ამას. ეს არ არის დასახლებული ადგილები. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ჯარებს არ გამოვიყენებთ. გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიყენებთ. ვიცით სახლები, სადაც ისინი ცხოვრობენ.

პრეზიდენტი ბუში: ჩვენ უნდა შევიმუშაოთ გეგმა. ისეთი, რომლის შესახებაც თქვენ იცით. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავებთ. გეგმა, რომელიც ქართველებს ეტყვის, რა უნდა გააკეთონ… შესაძლოა, მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ მათ შანსი.

პრეზიდენტი პუტინი: ისინი არ იბრძოლებენ, ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობაში არიან ჩართულნი.

პრეზიდენტი ბუში: მოდით, შევარდნაძის ბლეფი დავარქვათ.

პრეზიდენტი პუტინი: ჩვენთვის საკმარისია კოორდინირებული ქმედებები, რათა ვიცოდეთ, რას აპირებენ ისინი… ბოლოს ამის შესახებ გვიან გავიგეთ.

პრეზიდენტი ბუში: ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეს ძალიან კარგი შანსია. თუ ქართველები ამას ვერ შეძლებენ, სხვა რამეს ვცდით.

პრეზიდენტი პუტინი: ჩვენ მათ ტერიტორიაზე არ შევალთ.

პრეზიდენტი ბუში: ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით. ჩვენ სტრატეგიას შევიმუშავებთ.

მანამდე აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივმა“ საქართველოს შესახებ ვლადიმერ პუტინისა და ჯორჯ ბუშის კიდევ ერთი საუბარი გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის 6 აპრილით არის დათარიღებული. აღნიშნული დიალოგისას ვლადიმერ პუტინი ჯორჯ ბუშთან ნატო-ს გაფართოების საკითხს წამოჭრის, რა დროსაც საქართველოს ახსენებს.