1754511189
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩინეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩიკუნგუნიას ვირუსის აფეთქების გამო ჩინეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აშშ-ის მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობისას „გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების“ მიღებისკენ მოუწოდებს.
ვირუსის გადატანა კოღოს კბენით ხდება.
ცენტრში აცხადებენ, რომ დაავადების შემთხვევები სწრაფად ვრცელდება გუანდუნის პროვინციაში, შემთხვევების უმეტესობა ქალაქ ფოშანში ფიქსირდება.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირების განცხადებით, 2025 წლის ივნისიდან 7 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ჩიკუნგუნიას ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობას გარკვეული სიმპტომები უვითარდება.
ჩიკუნგუნიას სიმპტომები, როგორც წესი, ინფიცირებული კოღოს ნაკბენიდან 3-7 დღის შემდეგ ვლინდება. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სიცხე და სახსრების ტკივილი. სხვა სიმპტომები შეიძლება, მოიცავდეს თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, სახსრების შეშუპებას ან გამონაყარს. ადამიანების უმეტესობა ერთ კვირაში უმჯობესდება; თუმცა ზოგიერთს მწვავე დაავადების შემდეგ თვეების ან წლების განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს სახსრების ძლიერი ტკივილი. უფრო მძიმე დაავადების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს შორის არიან ახალშობილები, რომლებიც დაინფიცირდნენ დაბადების დროს, ხანდაზმულები (65 წლის და უფროსი ასაკის) და ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამედიცინო პრობლემები, როგორებიცაა დიაბეტი ან გულის დაავადება.
ქალაქ ფოშანში ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატები იგზავნება კოღოების გამრავლების ადგილების დასადგენად, მოსახლეობას კოღოების საწინააღმდეგო საშუალებებით ამუშავებენ, ტბორებში კი კოღოების მჭამელ თევზებს უშვებენ.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში ჩიკუნგუნიას ვირუსის, დაახლოებით, 240 000 შემთხვევა დაფიქსირდა 16 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
ვირუსის გამო 90 ადამიანი დაიღუპა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ჩინეთის გარდა, ეპიდემიებია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბოლივია, კენია და შრი-ლანკა.
ამერიკული მედიის თანახმად, ვირუსით დაინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ინდოეთში, მექსიკაში, ნიგერიაში, პაკისტანში, ფილიპინებსა და ტაილანდში მოგზაურობენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩიკუნგუნიას ვირუსით გამოწვეული ინფექციების სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს, თუმცა ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიც არის, მაგალითად, პარაცეტამოლი.
გაერო-ს ინფორმაციით, ჩიკუნგუნიით გამოწვეული მძიმე სიმპტომები და სიკვდილიანობა იშვიათია და, როგორც წესი, გვხვდება ჩვილებში ან ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა თანმხლები პრობლემები აქვთ.