აშშ დღეიდან ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენას - პროექტ "თავისუფლებას" იწყებს

ბაბა

 აშშ-ის ცენტრალური სარდლობა, ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენას - პროექტ "თავისუფლებას" იწყებს.

ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მისია, რომელიც პრეზიდენტის მითითებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს სავაჭრო გემებს თავისუფლად გაიარონ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სავაჭრო დერეფანი." მანამდე კი გადაწყვეტილების შესახებ თავად დონალდ ტრამპმაც დაწერა.

"შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების უსაფრთხოდ გამოყვანას დაიწყებს" - აცხადებს პრეზიდენტი და განმარტავს, რომ ეს არის ჰუმანიტარული ჟესტი შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და განსაკუთრებით ირანის მხრიდან.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური თეირანი. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან სრუტეში ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება. "ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მართვა ტრამპის ბოდვითი პოსტებით ვერ მოხდება!" - წერს X-ზე იბრაჰიმ აზიზი.

პარალელურად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეპიცენტრში რჩება ლიბანი. ისრაელის სამხედრო ძალები აქტიურად განაგრძობენ "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებას. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით კი, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.